კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოიტანეს

shutterstock

29 აპრილს, გამთენიისას, პეკინიდან საქართველოში სახელმწიფოს მიერ შეძენილი 40 ათასი PCR ტესტი და ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩამოიტანეს.

გარდა ტესტებისა, ჩინეთიდან სამედიცინო აღჭურვილობაც ჩამოვიდა. სულ პეკინიდან 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანეს. რეისს, რომელიც ავიაკომპანია "ჯეოსქაიმ" შეასრულა, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

"ამ ტვირთის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილია ის 40 000 pcr ტესტი და 40 000 ექსტრაქტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ნაჩუქარი 20 000 ანტისხეულების ტესტი, დანარჩენი ტვირთია პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს", - თქვა მინისტრმა. 

ტიკარაძის თქმით, ამ კვირიდან ტესტირება მოწყვლად ჯგუფებს უფრო ფართოდ შეეხება.

"ჩვენ ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი. კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი", - თქვა მინისტრმა.

29 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაცვალა - 6.

კომენტარები