სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ კიმ ჩენ ინი საჯაროდ კორონავირუსის გადადების შიშით არ ჩნდება

Reuters

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი კიმ იონ-ჩული, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობას ამბობს, რომ, შესაძლოა, კიმ ჩენ ინი საჯარო და საზეიმო ღონისძიებებს კორონავირუსის გადადების შიშის გამო არ ესწრება.

"მართალია, რომ მას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ კიმ ირ სენის იუბილე არ გამოუტოვებია, მაგრამ ბევრი ღონისძიება, მათ შორის ბანკეტი კორონავირუსის გამო გაუქმდა. ჩემი აზრით, ეს უჩვეულო არაა, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გათვალისწინებით." თქვა მან პარლამენტში.

მან თქვა, რომ კიმ ჩენ ინის გულის ოპერაციასთან და ქვეყანაში ჩინეთიდან ექიმების გუნდის ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის სპეციალურმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, მუნ ჩუნ-ინმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცოცხალია და კარგადაა. მან თქვა, რომ 13 აპრილიდან კიმი საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება და ქვეყნის შიგნით საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნება.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. კიმი სახელმწიფო მედიაში ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს ესწრებოდა. გასულ კვირას გამართულ სარაკეტო გამოცდას ის არ დასწრებია.

25 აპრილს მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. CNN იტყობინებოდა, რომ აშშ მისი მდგომარეობის შესახებ ცნობებს შეისწავლიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს და კიმს წარმატებები უსურვა.

სპეციალური მატარებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, ქალაქ ვონსანის სადგურში გადაიღეს. სატელიტური სურათები ვაშინგტონში არსებულმა ჩრდილოეთ კორეის მონიტორინგის პროექტმა განიხილა. მათი თქმით, ამ სადგურით მხოლოდ კიმის ოჯახი სარგებლობს. თუმცა, ჯერჯერობით დაუდასტურებელია, ეკუთვნის, თუ არა მატარებელი ქვეყნის ლიდერს და იმყოფებოდა თუ არა ის ვონსანში.

არსებობს ვარაუდი, რომ კიმი ელიტარულ კურორტზე კორონავირუსისგან თავის არიდებას ცდილობს. მიუხედავად მისი მხრიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების უარყოფისა, სამხრეთ კორეული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის სამხედრო ძალებში, ვირუსით დაავადების ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

კიმს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავს. მისი შემცვლელი შესაძლოა მისი და, კიმ იო-ჯონგი, გახდეს. კიმის გარდაცვლებაზე სპეკულაციას ისიც ამძაფრებს, რომ კიმმა ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ წონაში მოიმატა, აქტიური მწეველია და მის ოჯახში კარდიოვასკულარული პრობლემების ისტორია აქვთ.

კომენტარები