ე.წ კომენდანტის საათი

მეზვრიშვილი: ე.წ კომენდანტის საათი 22 მაისამდე გაგრძელდება

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, ე.წ კომენდანტის საათი 22 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია. ეს ნიშნავს, რომ მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც არ მოგვიხსნია. 27 აპრილს რაც მოვხსენით, აღარ მოქმედებს. დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის, კომენდანტის საათი მოქმედებს. კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე როგორც სხვა შეზღუდვების მოქმედებას, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქვს ერთდაერთი, უმთავრესი მიზანი - მობილობის შემცირება", - ამბობს მეზვრიშვილი.

27 აპრილიდან დაშვებულია მანქანების და ტაქსების მოძრაობა, ასევე, გაიხსნა ღია აგრარული ბაზრები და მუშაობის უფლება მიეცა ონლაინ სერვისებს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, რის ფარგლებშიც, 21:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გასვლა იკრძალება.

ჩაკეტილია ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი - გამონაკლისის სახით ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის და ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების უფლება მოსახლეობას მხოლოდ ორი დღით, 27-28 აპრილს მიეცა.

კვლავ იკრძალება სამ პირზე მეტის შეკრება, სავალდებულოა ორმეტრიანი დისტანცია და საჯარო ადგილებში ნიღბის ტარება.

კომენტარები