კახეთი

მაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში, 80 წლის კაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში, 80 წლის კაცს ეძებენ.

კაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, მეორე დღეა, გაუჩინარებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მისი ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე იპოვეს. საძიებო სამუშაოები წყალში და მდინარის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.

"მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი. 28 აპრილის დილიდან, პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.", - წერია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

კომენტარები