საგანგებო მდგომარეობა

GDI: ინდივიდუალური პროტესტისთვის 3000-ლარიანი ჯარიმის კანონიერებაზე სასამართლო იმსჯელებს

droa.ge

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" სასამართლოს მიმართა და მოქალაქე თეიმურაზ პატარიძისთვის საგანგებო მდგომარეობის ზომების დაღვევის მიზეზით გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმის კანონიერება გაასაჩივრა.

თემურ პატარიძე 16 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთკაციან, ინდივიდუალურ პროტესტს მართავდა. ის სწორედ ამ დროს დააჯარიმეს და საფუძვლად "საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" მთავრობის 23 მარტის დადგენილება დაასახელეს.

GDI მიიჩნევს, რომ პატარიძესთან მიმართებით, ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვისთვის, პოლიციის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი უკანონოა და საგანგებო რეჟიმის მარეგულირებელი ნორმების დარღვევითაა გამოცემული.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პრეზიდენტის დეკრეტი გამოხატვის თავისუფლებას არ შეხებია, შესაბამისად, მოქალაქის მსგავსი შეზღუდვა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას.

"მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. აღნიშნული კანონის მიხედვით კი, შეკრება/მანიფესტაციის არსებობისთვის, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს „ადამიანთა ჯგუფის“ არსებობა, სწორედ ეს აქცევს ინდივიდუალურ პროტესტს, პროტესტის გამოხატვის იმგვარ ფორმად, რაც საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლითაა დაცული" - წერს GDI.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ ინდივიდუალური პროტესტისას მოქალაქეებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობას ამ შემთხვევამდეც ჰქონდა ადგილი, როცა ასევე ინდივიდუალური პროტესტის გამო ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს.

"მსგავსი მიდგომები გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არა ფრაგმენტული, არამედ მიზანმიმართული სახე აქვს. ეს იმ პირობებში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა თავისთავად შეიცავს მაღალ რისკებს სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებაზე, ხოლო საფრთხეთა შემცირების თვალსაზრისითა და დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ღირებულებას იძენს, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში" - წერია GDI-ის განცხადებაში.

კომენტარები