მსოფლიო

Cambridge Analytica-ს სკანდალის გამო Facebook 5 მილიარდ დოლარს გადაიხდის

Facebook

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ, Facebook-სა და ფედერალურ სავაჭრო კომისიას შორის წინა წელს მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც კომპანია ჯარიმის სახით 5 მილიარდ დოლარს გადაიხდის. 

საუბარია, საქმეზე, რომლის დროსაც სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კომპანია Cambridge Analytica-ს განკარგულებაში აღმოჩნდა. Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ გადახედა პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას და დათანხმდა 5 მილიარდი დოლარის გადახდას. 

სოციალურ ქსელში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი კომისია შეიქმნება, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის მიმართულებით იმუშავებს. შეთანხმებით კმაყოფილება გამოთქვეს ვაჭრობის ფედერალურ კომისიაშიც და განაცხადეს, რომ ჯარიმის მოცულობა უპრეცენდენტოა. 

2018 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია  Cambridge Analytica საკუთარი აპლიკაციის მეშვეობით უკანონოდ აგროვებდა, სოციალური ქსელის მომხმარებლების პირად ინფორმაციას და მონაცემებს პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად იყენებდა. 

საუბარია, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ბრექსიტის რეფერენდუმზე, რა დროსაც კომპანიის მიერ განთავსებული პოლიტიკური რეკლამა 87 მილიონმა მომხმარებელმა ნახა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ ინფორმაციას კანონიერად მოიპოვებდნენ, თუმცა სულ რამდენიმე თვეში სააგენტომ კლიენტები სრულად დაკარგა, რასაც მალევე კომპანიის გაკოტრებაც მოყვა. 

 

კომენტარები