კორონავირუსი საქართველოში

კანდელაკი: ეზუგბაიამ დაადასტურა, რომ მთავრობის პოლიტიკაა, რაც შეიძლება ცოტა ტესტი გაკეთდეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, კორონავირუსზე რაც შეიძლება ადამიანი დატესტონ. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც.

"მაშინ საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი, ჰო? მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომ არის პოლიტიკა, რომ ტესტირება მაქსიმალურად შეიზღუდოს? ჩვენ შეგვიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, საპირისპირო პოლიტიკა რომ ყოფილიყო, რომ გაგვეტესტა მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ასეთი დრაკონული შეზღუდვების შემოღება ასეთი სიმწვავით არ დადგებოდა და აუცილებელი არ იქნებოდა. გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი დრაკონული" - თქვა კანდელაკმა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 9,699 PCR ტესტია ჩატარებული, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 2431-ია. შედარებისთვის, სომხეთში ეს რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე - 5 852-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, PCR კვლევების გარდა, საქართველოში კლინიკებმა უკვე ჩაატარეს "2-3-4 000 სწრაფი ტესტი".

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, აგრესიული ტესტირების შედეგია. 

"ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კომენტარები