მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

გახარია: მადლობა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც Covid 19-თან ბრძოლაში შეიტანა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა stopcov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის გამო.

"მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც არიან წინა ხაზზე და ებრძვიან ვირუსს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ეს გახლავთ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა ჩვენივე მოქალაქეების. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ, ეკონომიკის შენარჩუნების.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართუ ფონდს და ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის რომელიც ამ ბრძოლაში მან შეიტანა ფინანსურად და რა თქმა უნდა, მისი პირადი ჩართულობით, მენეჯმენტის ნაწილში", - თქვა გახარიამ.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი 9 აპრილს ჩარიცხა. თავად ივანიშვილს ბოლო რამდენიმე თვეა, განცხადება არ გაუკეთებია. ის მხოლოდ შვილის, ბერა ივანიშვილის ტიკ-ტოკ პროფილზე სახალისო ვიდეოთი გამოჩნდა.

კომენტარები