საგანგებო მდგომარეობა

ოხანაშვილი: საგანგებოს დარღვევაზე ზომები არ გამკაცრებულა, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტი

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის და საკარანტინო წესების განმეორებით დარღვევის ზომები არ გამკაცრებულა.

ოხანაშვილმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ამოქმედდება, ვინაიდან ახლა პრეზიდენტის დეკრეტი მოქმედებს, რომელიც პასუხისმგებლობის არა 6 წლამდე, არამედ მაქსიმუმ 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატმა "საზოგადოების გარკვეული ჯგუფები" დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.

"ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას.

3 წლამდე ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით",- თქვა მან.

დღევანდელ ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა ასევე თქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც.

"თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შესაძლებელია მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი - მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე", - განაცხადა მან.

გუშინ, 23 აპრილს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება, კარანტინის - 3 წლამდე პატიმრობით. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დრომდე შსს-მ საკარანტინე წესების დარღვევისთვის 15 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოწერა.

კომენტარები