საგანგებოს წესების დარღვევა

აბესაძე: კარანტინის წესების დარღვევაზე კანონის ასე გამკაცრება დაუსაბუთებელი და ნაჩქარევია

ირაკლი აბესაძე
ტაბულა

"დაუსაბუთებელი და ნაჩქარევია, ასეთი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის შემოღება", - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე საგანგებო მდგომარეობის პირობებში კარანტინის წესების დარღვევაზე კანონის გამკაცრებას ეხმაურება. 

აბესაძის თქმით, ასეთი მძიმე სასჯელი, მით უმეტეს, მიუღებელი და მცდარია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ შერჩევით მართლმსაჯულებას და შერჩევით კანონის აღსრულებას.

"ოჯახის წევრებს, თუ ისინი სამზე მეტნი არიან, არ აქვთ უფლება ქუჩაში ერთად გადაადგილდნენ, თუმცა, ათასობით ადამიანს აქვს უფლება შეიკრიბოს გარკვეულ რელიგიურ რიტუალებზე. ჩვეულებრივ ადამიანებს აკრძალული აქვთ მანქანით გადაადგილება და მნიშვნელოვნად გავურთულეთ მათ ცხოვრება, თუმცა, ათასობით ადამიანს იმავდროულად აქვს საშვი მიცემული და თავისუფლად გადაადგილდებიან მანქანებით", - ამბობს აბესაძე.

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომ საგანგებოს წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ხოლო კარანტინის - 3 წლამდე პატიმრობით.

პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის წესების ხელმეორედ დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობის სასჯელი შემდეგი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ამოქმედდება.

კომენტარები