საგანგებო მდგომარეობა

იურისტი: პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის რეპრესიული მექანიზმები კიდევ უფრო გააძლიერა

რადიო თავისუფლება

იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის ზომების დარღვევისთვის პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები "ძალიან სახიფათოა" და ისინი კიდევ უფრო აძლიერებს საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედ რეპრესიული მექანიზმებს.

საქმე ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის წესის განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება, საკარანტინე ზომის - 3 წლამდე პატიმრობით.

"ასეთი სასჯელის პროპორციულობა სადავოა და სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს, რაში ჭირდება სახელმწიფოს მსგავსი სიმკაცრის სანქცია (სასჯელიდან გამომდინარე, ეს ქმედება ითვლება მძიმე კატეგორიის დანაშაულად). ამავდროულად, ამ მუხლით ადამიანი შეიძლება დაისაჯოს როგორც პრეზიდენტის დეკრეტის, ისე მის საფუძველზე გამოცემული სხვა აქტების დარღვევისთვის.

ასეთი მოწესრიგება ძალიან სახიფათოა, რადგან თუკი დეკრეტის თანაზომიერებას და გონივრულობას საბოლოოდ მაინც ამოწმებს პარლამენტი, დეკრეტის საფუძველზე მოგვიანებით მიღებულ აქტებს (დადგენილებებს) ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტი ვეღარ აფასებენ და მთლიანად მთავრობის ხელშია, რა შეზღუდვებს დაუწესებს მოქალაქეებს და რა უფლებამოსილებებით აღჭურვავს საჯარო უწყებებს. ცალკე აღსანიშნავია ის, თუ როგორ მიიღო პარლამენტმა აღნიშნული კანონი და რამდენად უზრუნველყო ამ პროცესში მოქალაქეების თუნდაც მინიმალური ჩართულობა", - წერს იმნაძე ფეისბუქზე.

ქართული ოცნების უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება, კარანტინის - 3 წლამდე პატიმრობით.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ ზომების მიღება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი, რა პასუხისმგებლობა ენიჭებოდა პირს მას შემდეგ, რაც ერთხელ დაჯარიმების შემდეგ ზომებს კვლავ დაარღვევდა.

"კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითთება რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, - თქვა მან.

კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ამ ეტაპაზე ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დრომდე შსს-მ საკარანტინე წესების დარღვევისთვის 15 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოწერა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დადგენილ წესებს არ ემორჩილება, თუმცა, მღვდელმსახურები სახელმწიფომ არათუ დააჯარიმა, არამედ კანონდარღვევის ნებართაც მისცა.

კომენტარები