გირჩის აქცია

შეკვეთა დავტოვე, მონაწილეობას არ ვიღებდი - გირჩის აქციაზე GLOVO-ს კურიერი დააჯარიმეს

გირჩის აქციაზე დაჯარიმებული ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ის GLOVO-ს კურიერია და აქციაში მონაწილეობას არ იღებდა. ზურაბ ქუტიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მის განმარტებებს არ მოუსმინეს და 3000 ლარით დააჯარიმეს. 

"შეკვეთა დავტოვე, ჩოჩქოლი დავინახე და დამაინტერესა, გავაჩერე მოპედი. იქ დგომის გამო მომკიდეს ხელი, წამომიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, ჩემი განმარტება არაფრად ჩააგდეს და გამომიწერეს 3 000-ლარიანი ჯარიმა. ახლა მომცეს ნება გადმოვსულიყავი მანქანიდან. მე არ ვიღებდი მონაწილეობას აქციაში", - ამბობს ზურაბ ქუტიძე. 

სამართალდამცველებმა ასევე დააჯარიმეს მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ გირჩის აქციის მონაწილე არც ის ყოფილა და იპოდრომზე სასეირნოდ მივიდა. 

"იპოდრომზე მე ყოველდღე ვსეირნობ ხან ველოსიპედით და ხან ფეხით.აქვე ვცხოვრობ. ესენიც აქ იყვნენ და მეც აქ ვიყავი. მეტი არაფერი ვიცი"- აღნიშნა მან. 

საპროტესტო აქცია ზურაბ ჯაფარიძემ 22 აპრილს Facebook-ის საშუალებით დაგეგმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც გირჩის ლიდერი წერდა, ის ძველ იპოდრომზე სეირნობას აპირებდა და ყველას, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაპროტესტება სურდა, შეეძლო მასთან ერთად "ესეირნა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ, ვინაიდან მათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საპროტესტო აქციის მოწყობით კანონი დაარღვიეს. 3 პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

კომენტარები