კორონავირუსი გერმანიაში

გერმანიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

GETTY IMAGES

გერმანიის ყველა მხარეში გაასაჯაროვეს გეგმები, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შესაჩერებლად, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

მთელი გერმანიის მასშტაბით პირბადეები სავალდებულო იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ მხარეში კი - მაღაზიებშიც. წესის დარღვევისათის ფულადი ჯარიმაა განსაზღვრული.

ევროპის მასშტაბით მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო, მათ შორის ავსტრიამ, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. ავსტრიაში მაღაზიებში პირბადეები სავალდებულო მიმდინარე თვის დასაწყისიდან გახდა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარს ამბობენ, მათ შორის შვეიცარიაში, სადაც განაცხადეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მოქალაქეებს პირბადეების ტარებას არ აიძულებენ. საფრანგეთში განაცხადეს, რომ პირბადეების წარმოებას გაზრდიან და ყველა მოქალაქეს გადასცემენ სურვილის შემთხვევაში. ესპანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკვე დაიწყეს პირბადეების დარიგება.

გერმანიაში მხარეების მიხედვით პოლიტიკა განსხვავებულ იქნება. ზოგიერთ მხარეში განაცხადეს, რომ პირბადეებს სკოლების გახსნისას დაარიგებენ. ასევე არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის პირბადეზეა საუბარი. ზოგიერთი მხარის ხელისუფლებაში თქვეს, რომ ქირურგიული პირბადეები სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებისათვის უნდა შემოინახონ და მოსახლეობისთვის ნაჭრის პირბადეები და ყელსახვევებიც საკმარისია.

პირბადის დადებითი როლი კორონავირუსთან ბრძოლაში დადასტურებული არ არის. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ის ცრუ დაცულობის შეგრძნებას აჩენს ადამიანებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით პირბადეები დაავადებულებმა და მათთან კონტაქტში მყოფმა პირებმა უნდა ატარონ, ხოლო კორონავირუსთან ბრძოლაში ხელის საპნით ხშირი დაბანა უფრო ეფექტურია.

----

23 მარტს გერმანიის კანცლერმა, ანგერლა მერკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კორონავირუსი ევროპის ერთსულოვნებისათვის უდიდესი გამოწვევაა, პანდემია კი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მან გერმანელებს გამძლეობის და დისციპლინისაკენ მოუწოდა. მერკელმა შეშფოთება გამოხატა, რომ ფედერალური და რეგიონული მთავრობების შეთანხმების შედეგად, მიმდინარე კვირას, მაღაზიების გახსნის შემდეგ, გერმანელები სოციალურ დისტანციას საკმარისად აღარ იცავენ.

"რადგან ოფიციალური მაჩვენებლები იმედის საფუძველს იძლევა, ვალდებულად ვგრძნობ თავს გითხრათ, რომ ეს შედეგები მყიფეა. ჩვენ თხელ ყინულზე ვართ. ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ ტყიდან. ეს პანდემიის ბოლო ფაზა არაა, ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ. წყალში არ უნდა გადავყაროთ ის, რასაც მივაღწიეთ. თუ ჩვენ ყველაზე მაღალი დონის დისციპლინას და გამძლეობას გამოვავლენთ პანდემიის დასაწყისში, ეკონომიკურ, სოციალურ, საჯარო ცხოვრებას უფრო მალე დავუბრუნდებით", - თქვა მან.

მერკელმა თქვა, რომ ვირუსის საკითხი დღის წესრიგში მთავარი თემა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება და ევროპამ უნდა გააძლიეროს სამედიცინო ტექნიკის წარმოების შესაძლებლობა და არ იყოს დამოკიდებული გლობალურ მწარმოებლებზე.

აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ გერმანია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მეხუთე ადგილზეა, თუმცა ინტენსიური ტესტირების და სხვა ზომების დროულად მიღების წყალობით მათ სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. გერმანიაში ვირუსი სულ 150,648 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 5,315, გამოჯანმრთელდა 103,300.

შედეგად, გერმანიამ გარკვეული შეზღუვების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები ძალაში 3 მაისამდე რჩება. სკოლების 4 მაისს გაიხსნება. პრიორიტეტი დამამთავრებელ კლასებს მიენიჭება. ამავე დროს გაიხსნება სილამაზის სალონები. მერკელი და გერმანიის მხარეების ლიდერები 30 აპრილს შეიკრიბებიან და პროცესების მიმდინარეობას შეაფასებენ.

კომენტარები