კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: მთავრობამ მარნეულელთა პროდუქტი შეისყიდოს, გაყიდვის საშუალება ან დახმარება მისცეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც რამდენიმე კვირაა იზოლირებულია, სიმშვიდის შენარჩუნებას სთხოვს. ბოკერიას თქმით, ეს ძალიან რთულია და შექმნილ ვითარებაში მათ აღშფოთების, ბრაზის სრული საფუძველი აქვთ, უბრალოდ, ახლა ყველაფერი, რამაც შეიძლება მართლწესრიგი დაარღვიოს, ყველასთვის ცუდია.

ამავე დროს, ის მთავრობას მარნეულელთა დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები, რათა ამ ადამიანებს მსგავსი პრობლემები არ შექმნოდათ.

ტვ პირველის ეთერში დეპუტატი მარნეულში საპროტესტო აქციას გამოეხმაურა - ქალაქში, სადაც 1 თვეა, მკაცრი რეჟიმის კარანტინი მოქმედებს, ადგილობრივი მცხოვრებლები ქუჩაში იმის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რომ მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვის საშუალება არ აქვთ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, აქვთ საბანკო ვალდებულებებიც. თუმცა, ქვემო ქართლის რწმუნებულმა მოქალაქეების ამ პროტესტს ოპოზიციის მიერ მართული უწოდა.

ბოკერიამ თქვა:

"საჯაროდ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას - ამ ტიპის ზომებს რომ იღებ, თუნდაც ლეგიტიმური მიზეზით და არანაირ სხვა ზომებს არ ატარებ, რომ ადამიანებს ოჯახის შენახვა შეეძლოთ ფიზიკურად (დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ეს ხალხი კვირებია, სრულად იზოლირებულია), იმ ზღვარს სცდები, როცა წესრიგის დაცვა შეიძლება, შეუძლებელი გახდეს და ეს ძალიან ცუდი და საშიშია. ამის პირველ ნიშნებს ვხედავთ მარნეულში. ამიტომ ამ ტრადიციული შხამის გარდა, რომ თურმე ჩვენი მოგონილია, ჩვენკენ იშვერენ ხელს ან თუნდაც ახმედ იმამყულიევისკენ. საკრებულოს წევრები აქციაზე იყვნენ და ხალხს ამშვიდებდნენ, მაგრამ ამავე დროს, გუბერნატორს მოუწოდებდნენ, ელემენტარული ნაბიჯები გადადგან. ამ ხალხს ოჯახის შენახვის რაღაც შანსი ხომ უნდა დაუტოვო.

"დარჩი სახლში" - არის სწორი მოწოდება, ოღონდ, ეს ხომ არ უნდა გაიგო 100-პროცენტიანად, მაინც ხომ გვიწევს გამოსვლა, პროდუქტის ყიდვა, შვილების შენახვა ყველას, ვისაც ეს ჯერჯერობით შეგვიძლია. იმაზე ხომ უნდა იფიქრო, ვინც გამოუვალ მდგომარეობაშია და რამე ხომ უნდა შესთავაზო, რომ შეინახოს ოჯახი", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცედება, საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, 3-ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, შესაბამისად, საპროტესტო აქციის გამართვით კანონი დაირღვა.

ბოკერია ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში კანონის დარღვევისკენ უბიძგებს.

"ეს ცუდია, კარგი კი არ არის, ამიტომ იყო ჩემი მოწოდება სიმშვიდისკენ. ოღონდ, როცა ხედავ, რომ სხვა ვითარებაში კანონი არ სრულდებოდა და ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე კანონი არ აღსრულდა და ახლაც არ სრულდება, ამ ხალხს კი შიმშილის პრობლემა აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, დამშვიდდნენ და ფორმალურადაც არ დაირღვეს არც ერთი კანონი, ამავე დროს, მოვითხოვ, როგორც დეპუტატი და მოქალაქე იმას, რასაც მოვითხოვდი მთავრობისგან - ეს პროდუქცია ან უნდა შეისყიდონ რაღაც წესით, ან მისცენ საშუალება, გაყიდონ ისე, რომ არავის სხვას საფრთხე არ შეექმნას, ან მისცენ დახმარება ამ ოჯახებს ისე, რომ ოჯახების შენახვის და შიმშილის პრობლემა არ დაუდგეთ" - თქვა მან.

მარნეულში საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ყველა სოფელში შევა სატვირთო მანქანა და მათი პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება.

მარნეულში ერთი თვეა, მკაცრი საკარნატინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები