საკარანტინე ზონები

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანი საკვებით მოიწამლა

იმედი

ბათუმში მდებარე ერთერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში საკვებით 45 ადამიანი მოიწამლა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მისივე თქმით, ორ პირს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. 

ნიჟარაძე ამბობს, რომ გამოკვლევის შემდეგ, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა, სხვებს კარანტინიდან ხვალ, 21 აპრილს გაუშვებენ.

"ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ საკარანტინო სივრცეს. დანარჩენების მდგომარეობა იყო საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. ყველას შესაბამისი დანიშნულება მისცეს. შემდეგ უკვე, გუშინ, რადგან ეს იყო კარანტინის 14 დღე, ჩაუტარდათ ტესტირება და დღეს დილის ინფორმაციით 49 პირმა დატოვა საკარანტინო სივრცე. მათ შორის იყვნენ, როგორც საკვებისმიერი ინტოქსიკაციით დაავადებული პირები, ასევე სხვა მოქალაქეები"- უთხრა ნიჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს და აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს ყველა შესაძლო პროდუქტი და ანალიზების პასუხს ელოდებიან. 

მედიის ცნობით, შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 402-მდე გაიზარდა. აქედან 95 გამოჯანმრთელდა, 4 - გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს.

კომენტარები