ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო

Reuters

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

გერმანიაში გაიხსნება მაღაზიების ნაწილი, მათ შორის პატარა მაღაზიები, რომელთა ფართობი 800 კვადრატულ მეტრამდეა, წიგნის და ველოსიპედების მაღაზიები. მათ სოციალური დისტანციის ნორმები უნდა დაიცვან. კვლავ დაკეტილია სკოლები, თუმცა დამამთავრებელი კლასები ეტაპობრივად განაახლებენ სწავლას და უნივერსიტეტებს გამოცდების ჩატარების უფლება მიეცემათ.

ამ დროისათვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 145,743 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 4,642, გამოჯანმრთელდა 91,500 ადამიანი.

21 აპრილიდან პატარა მაღაზიები გაიხსნება ავსტრიაშიც. ესპანეთში ზოგიერთ სამშენებლო ობიექტსა და საწარმოში მუშაობის განახლების უფლება გასცეს.

ავსტრიაში ვირუსი სულ 14,749 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 452, გამოჯანმრთელდა 10,501. ესპანეთში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 1,536-ით გაიზარდა და 200,210-ს მიაღწია. უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში დაიღუპა 399 ადამიანი, სულ ვირუსს ქვეყანაში 20,852 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 80,587.

ნორვეგიაში კი საბავშვო ბაღები იხსნება. პოლონეთი პარკებსა და ტყეებში სეირნობას დაუშვებს.

ნორვეგიაში ვირუსი სულ 7,103 ადამიანს დაუდასტურდა, პოლონეთში 9,453-ს. ნორვეგიაში დაიღუპა 165 ადამიანი, პოლონეთში 362.

დანიაში გაიხსნა საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები, 22 აპრილიდან კი გაიხსნება სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტები, სილამაზის სალონები, სპა კლინიკები და ფსიქოლოგების კაბინეტები. სასამართლოები 27 აპრილიდან გაიხსნება. ის ადამიანები, ვისაც შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება, თუმცა მიაჩნიათ, რომ სამუშაოს განახლება ჯერ კლავ ადრეა, მთავრობისაგან კვლავ მიიღებენ კომპენსაციას.

დანიაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 7,515-ს მიაღწია, დაიღუპა 355 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4,141. ყოველი მეხუთე ინფიცირებული ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანია.

სლოვენიაში კი, ისლანდიისა და ფინეთის მსგავსად, მოქალაქეების შემთხვევითი შერჩევით ტესტირება დაიწყება. სპეციალური ჯგუფები 3,000-მდე მოქალაქეს სახლში ეწვევიან და ანტისხეულებზე ტესტს ჩაუტარებენ, რათა დაადგინონ, რამდენად ფართოდ არის ქვეყანაში ვირუსი გავრცელებული. ამჟამად ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1,335 შემთხვევა, დაიღუპა 77, გამოჯანმრთელდა 193 ადამიანი.

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კი განაცხადეს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია.

კომენტარები