კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: აჭარაში ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ის ქობულეთის კლასტერიდანაა

აჭარის ტელევიზია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნიჟარაძის განმარტებით, ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში არიან, თავად ინფიცირებული კი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება, შესაბამისად ის 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

"დაავადებული პირი გადმოიყვანეს კლინიკა "მედალფაში", ხოლო მისი ოჯახის წევრები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. დღის განმავლობაში, მათ ახლო კონტაქტებს, ყველას ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევა. ქალი არის საშუალოზე მსუბუქი გამოხატულებით. რაც შეეხება მის შემხებლობას, როგორც უკვე გითხარით, ის ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული და უკვე 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაშია, ამიტომ სხვა მოსახლეობასთან, კონტაქტი არ ჰქონია", - თქვა ნიჟარაძემ. 

ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, სტუმრად ოჯახთან იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. შემდეგ პაციენტი კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირება ივარაუდეს. ქალს ნიმუში აუღეს, მას ვირუსი დაუდასტურდა.

20 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულებიდან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

კომენტარები