კორონავირუსი ამერიკაში

49 წლის კაცი, რომელიც 32 დღე მართვით სუნთქვაზე იყო, კორონავირუსისგან განიკურნა

https://www.cbsnews.com/

აშშ-ის შტატ მასაჩუსეტში, 49 წლის ჯიმ ბელო, 32 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე ყოფნის შემდეგ, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ჯიმ ბელოს სიმპტომების გამოვლენა 7 მარტიდან დაეწყო - თავდაპირველად, მას ტემპერატურამ აუწია და გადაწყვიტა, საავადმყოფოში წასულიყო. კაცს რამდენიმე ტესტირება ჩაუტარეს, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სახლში გაუშვეს.

ბელოს ცოლი ყვება, რომ ერთ ღამეს მისმა მეუღლემ გაიღვიძა და ვეღარ სუნთქავდა. მას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარეს და Covid-19-ით ინფიცირება აღმოაჩინეს.

პირველადი გასინჯვის შემდეგ, ოჯახმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ კაცი სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ, სადაც მის ინტუბირებას შეძლებდნენ.

"სანამ გადაიყვანდნენ, მკითხა, რა მოხდებოდა, თუ ამას ვერ გაუძლებდა. ვუთხარი, რომ ამას აუცილებლად შეძლებდა", - იხსენებს მისი ცოლი, კიმი.

საავადმყოფოში მიყვანისთანავე ჯიმ ბელო მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. კიმი ყვება, რომ თავდაპირველად არ ღელავდა, რადგან ექიმთა ჯგუფს საკმარისად ენდობოდა, თუმცა აპარატზე შეერთებიდან ორ კვირაში ექიმისგან ზარი მიიღო.

"ექიმს ვკითხე, თუ ჰქონდა ჩემს ქმარს გამოჯანმრთელების შანსი. მან მიპასუხა, რომ შანსი დიდი არ იყო. ამ დროს ყველაფერი დავკარგე. ვფიქრობდი, რომ მარტო ვერ დავრჩებოდი სამ შვილთან ერთად. ის საუკეთესო მამა, საუკეთესო ქმარი და საუკეთესო ადამიანია", - იხსენებს კიმ ბელო.

მდგომარეობის გაუარების შემდეგ, ექიმებმა მკურნალობის უფრო რადიკალურ მეთოდებს მიმართეს, რამაც ჯიმ ბელოს გამოჯანმრთელება შესაძლებელი გახადა.

"მან გაიღვიძა. ექთანმა მითხრა, რომ ხელზე ორჯერ მოუჭირა. მათ ნახეს, რამდენად ცოცხალი იყო ის შინაგანად", - იხსენებს კიმ ბელო.

ამის შემდეგ, ჯიმ ბელოს მდგომარეობა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. 15 აპრილს მან რეანიმაციული განყოფილება დატოვა. მედიკოსთა ჯგუფმა პაციენტი ტაშით გააცილა. ექიმების თქმით, ის მალე სახლში წასვლასაც შეძლებს.

"აცნობიერებს, რომ სასწაული მოხდა. დაუჯერებელია, რომ მან ეს შეძლო", - ამბობს კიმ ბელო.

კომენტარები