კორონავირუსი საქართველოში

მედალფას დირექტორი: 18 აპრილს გარდაცვლილ ქალს გულის ქრონიკული უკმარისობა და დიაბეტი ჰქონდა

რუსთავი 2

18 აპრილს ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს მრავალი თანმხლები დაავადება ჰქონდა - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ალექსი გოხელაშვილმა, ისაუბრა.

"ქალბატონს ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, მრავლობითი პოსტინექციური აბსცესი", - თქვა მან.

მისივე თქმით, დღეს "მედალფაში" სამი პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას ელიან:

"ამჟამად არის 39 პაციენტი, გუშინ გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი გაეწერა, დღეს ველოდებით 3 პაციენტის პასუხს კიდევ, სავარაუდოდ გამოჯანმრთელებაა და ამათაც გავუშვებთ სახლში", - თქვა მან.

გუშინ, 18 აპრილს, საქართველოში ახალი კორონავირუსი მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ის ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა. კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმში, კლინიკა მედალფაში 8 აპრილიდან მკურნალობდა. ქალი 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

19 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან - კომენდანტის საათი და "ფაქტობრივი კარანტინი" მოქმედებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. მთელი საქართველოს მასშტაბით აკრძალულია ყველა სახის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 10 დღით ჩაიკეტა.

შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა - მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო და კვების ობიექტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას აქვთ. ფიზიკურ პირებს წესების დარღვევისთვის 3000 ლარით აჯარიმებენ, იურიდიულ პირებს კი 15 000 ლარით. ეკლესიებში მსახურება კვლავ მრევლის მონაწილეობით გრძელდება.

კომენტარები