შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი: მაისში სტოკჰოლმმა შესაძლოა ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს

შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას კურირებს, ამბობს, რომ სტოკჰოლმში, შესაძლებელია, მაისში ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

როგორც ტეგნელმა ნორვეგიულ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მოდელების თანახმად, სტოკჰოლმში უკვე იმდენ ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ დაავადების გავრცელება ნელდება.

კითხვაზე, როდის შეიძლება დედაქალაქმა ჯოგური იმუნიტეტი გამოიმუშავოს, ტენგელი პასუხობს:

"ჩვენი მოდელი მიუთითებს, რომ მაისის რაღაც დროს. ეს მათემატიკური მოდელებია და იმდენად სანდოა, რამდენადაც მონაცემები, რომლებიც ჩვენ შეგვყავს. ვნახავთ, თუ მართალია."

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანამ პიკი უკვე გადაიარა და ახლა ვირუსის გავრცელების მხრივ დაღმასვლაა დაწყებული.

"ისევ იმ დონეზე ვართ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. აღდგომის კვირამდე იყო ერთგვარი პიკი, ახლა კი ერთგვარი დაღმასვლა გვაქვს."

შვედეთის მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ყველა ქვეყნისგან განსხვავდება. ნაცვლად კარანტინისა და სხვა მკაცრი ზომებისა, ქვეყანაში რესტორნები და ბარებიც კი არ დაკეტილა. გარდა ამისა, კვლავ ღიაა ზოგი სკოლა და საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შესაძლებელია 50-მდე ადამიანის შეკრებაც.

აკრძალვების არარსებობის მიუხედავად, მოქალაქეები თავად მიმართავენ სოციალურ დისტანცირებას.

ანდერს ტეგნელს მიაჩნია, რომ მკაცრი ზომები, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა და რასაც სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა მიმართეს, პოლიტიკური ნაბიჯებია და სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

განსხვავებული მიდგომის გამო შვედეთს კრიტიკა არ ასცდენია. კრიტიკოსები მიუთითებენ სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე და მთავრობას მოუწოდებენ, ზომები სხვა ქვეყნებივით გაამკაცრონ.

შვედეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 13 800-ზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, საიდანაც 1500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 550 გამოჯანმრთელდა. შედარებისთვის, მეზობელ დანიაში, სადაც მთავრობამ მკაცრი ზომები შემოიღო და დაახლოებით ორჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვირუსის 7400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 346 ადამიანი გარდაიცვალა, 4000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

მეტი შვედეთის მიდგომის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები