კორონავირუსი და ეკლესია

მამა თეოდორე: სანამ საფრთხეა, ჯვართამაღლების ტაძარში წირვებზე მრევლის დასწრება შეიზღუდება

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, ამბობს, რომ სანამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს, ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება შეიზღუდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსახურება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ის არამარტო იმათთვისაა, ვინც ესწრება, არამედ მათთვისაც, ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ.

არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.

სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს აღიქვამს უფლის ღალატად, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას იმიტომ, რომ ურჩობა ხელისუფლებისადმი აჰყავს ღვთის ურჩობის რანგში იმიტომ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული", - ამბობს თეოდორე გიგნაძე.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დეკანოზი ასევე ამბობს, რომ მორწმუნე ადამიანებს ტაძარში სიარული ყოველთვის სურთ, პანდემიის პირობებში კი პასუხისმგებლობა მათ არ უნდა დაეკისროთ და ის სასულიერო პირებმა უნდა იტვირთონ.

"ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიოში დიდი უკეთესობა არ ჩანს და საქართველოშიც, როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ შეიძლება, სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, თითოეულ ადამიანს მათ შორის, მაგრამ ჩემთვის პირადად გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს, მორჩილებისადმი იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ.

დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მით უმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა - იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა", - ამბობს ის.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ვირუსი წვეთოვანი გზით, სხვა აქამდე ცნობილ ვირუსებთან შედარებით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

Covid 19 პამდემიად არის გამოცხადებული. მსოფლიოში შეჩერებულია ფრენები, დახურულია სავაჭრო და სხვა ტიპის დაწესებულებები, ქვეყნების ხელისუფლებები მოქალაქეების სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, აკრძალულია მანქანით გადაადგილება. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საგანგებო რეჟიმს არ ემორჩილება, ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრებას არ კრძალავს და ერთო კოვზით ზიარების წესსაც არ ცვლის. მათ წინააღმდეგობას არც მთავრობა უწევს. საპატრიარქოს და ხელისუფლების საერთო გადაწყვეტილებით, აღდგომას მრევლი ლიტურგიასაც დაესწრება.

მხოლოდ ერთეული ტაძრების წინამძღვრები გამოვიდნენ ინიციატივებით, უშუალოდ მათ ტაძრებში მრევლის დასწრების შეზღუდვის შესახებ, ან მოუწოდეს მრევლს, თავი შეიკავონ ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან, რათა გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

კომენტარები