კორონავირუსი საქართველოში

სისტემა ერთდროულად 2 000-მდე მძიმე პაციენტის მოვლას შეძლებს - ინტერვიუ ვახტანგ კალოიანთან

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს აღირიცხა. 15 აპრილის 20:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 71 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. 

რა გააკეთა ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ სწორად, რა შეცდომები დაუშვა და რა უნდა გაეკეთებინა; რამდენად საჭიროა საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა; როდის შეიძლება ცხოვრების ჩვეულ რიტმზე გადასვლა და რამდენი პაციენტისთვის არის სისტემა მზად, ამ და სხვა საკითხებზე ტაბულა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელს, "ნიუ ჰოსპიტალს" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვახტანგ კალოიანს, ესაუბრა.

ამ დროის მონაცემებით საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთდროულად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მისაღებადაა მზად? 

ჩემი შეფასებით, დაახლოებით, იგივე რაოდენობა, რაც ქალბატონმა ტიკარაძემ ბრძანა. ერთდროულად ჩვენ შევძლებთ, დაახლოებით, 2 000-მდე მძიმე პაციენტის მოვლას, ოღონდ ხაზს ვუსვამ, მხოლოდ მათ, ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია და საავადმყოფოში წოლა. ცხადია, ეს იქნება გამოწვევა. ეს არ იქნება მშვიდი მუშაობა. სისტემამ უნდა იმუშავოს დაძაბულად, რომ ადეკვატურად გაუმკლავდეს ამ პაციენტებს. 

რას ფიქრობთ სახლში მკურნალობის პრაქტიკის დანერგვაზე, რამდენად არის ამის რესურსი ოჯახისა და სოფლის ექიმებში? 

რეალურად ოჯახში, სახლში მკურნალობა ოჯახის ექიმების მიერ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სისტემა გადაიტვირთება და ვერ შეძლებს, რომ აუვიდეს მსუბუქ პაციენტებსაც, ანუ იმ პაციენტების დიდ ნაწილს, რომლებიც ახლა ჰოსპიტალებში არიან. კარანტინში გადაიყვანენ იმ პაციენტებს, რომლებსაც ვერ ექნება სახლში თვითიზოლაციის პირობები. საუბარია იმაზე, თუ როდის უნდა დაიწყოს სისტემამ ამ სქემაზე მუშაობა. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ეს სქემა მუშაობს და განსხვავებით ჰოსპიტალური სექტორისგან, იქ ცოდნის თვალსაზრისით ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს. მეტნაკლებად გამართული პროტოკოლიც აქვთ და ამ პროტოკოლის გამართვაშიც დიდი დრო დახარჯეს. ამიტომაც, ეს სისტემა შედარებით უსაფრთხოა. 

ამ დრომდე ახალ კორონავირუსთან ბრძოლისას რა გააკეთა სწორად და რა ძირითადი შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ? 

ყველაზე დიდი ჩავარდნა, ასე დავარქვათ, ისაა, რომ ნაკლები შრომა და რესურსი ჩაიდო არაჩართული კლინიკების პერსონალის მომზადებაში. ანუ იმ კლინიკების გადამზადებაზე, რომლებიც არ არიან არც ცხელების ცენტრები და არც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მიმღები კლინიკები, სამინისტროს მხრიდან რეალურად არანაირი ზრუნვა არ ყოფილა. ეს პრობლემა გამოჩნდა მერე როგორც ქობულეთში, ისე ბათუმში, ისე მარნეულში, ისე იმერეთში. ექიმთა და სისტემის გადამზადებაზე ორგანიზებულად არავის უზრუნია. ეს იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა. 

რაც შეეხება ტექნიკურად და ნაკადების თვალსაზრისით, არაუშავს. მანდაც ცოტა გვიან იყო დაწყებული მომზადება, მაგრამ ჩართული კლინიკები ახლა მეტნაკლებად აღჭურვილია ტექნიკურად და დაცვის საშუალებებით. 

ჯანდაცვის მინისტრმა ადამიანური რესურსის ნაკლებობა აღიარა. ქვეყანაში მხოლოდ 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი გვყავს. მინისტრისვე თქმით, ეს მთავარი "დრამა და ხარვეზია" ჯანდაცვის სისტემაში, რომლის გამოსწორებასაც ვერანაირი თანხების ოპტიმიზაცია ვერ უშველის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ შეუძლებელია ამ ხარვეზის აღმოფხვრა?

ვეთანხმები იმ თვალსაზრისით, რომ ვერც რეანიმატოლოგს და ვერც ინფექციონისტს ჩვენ ვერ მოვამზადებთ ვერც ორ კვირაში, ვერც - სამში. შესაბამისად, ექსპერტიზის დონეზე ამ ექიმების მომზადება შეუძლებელია. წლები სჭირდება ამას, მაგრამ პრობლემა ზუსტად ამ 488 რეანიმატოლოგის გადამზადებაა, რომლებიც შეიძლება, საჭირო გახდნენ. მათი გადამზადება არ მომხდარა. ჩვენ რომ 3 კვირაში თერაპევტებიდან და ქირურგებიდან რეანიმატოლოგებს ვერ გამოვიყვანთ, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ გვიზრუნია ამ რეანიმატოლოგების გადამზადებაზეც. ახლა დაიწყო რაღაც პროცესი, მაგრამ მეტნაკლები წარმატებით. და მეორე, არ გვიზრუნია ასევე იმ ექიმების გადამზადებაზე, რომლებიც შემთხვევით შეიძლება, შეხვდნენ ამ პაციენტებს. 

თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანსაა საჭირო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ყოფნა?

ჩვენს მოუწყობელ სისტემაში საგანგებო რეჟიმი ერთადერთი გზაა, რომ გადავრჩეთ. ამიტომ, მე მგონია, რომ დაშორიშორება კიდევ უფრო დაგვჭირდება, თუკი ბუნებრივმა პირობებმა და სხვა ფაქტორებმა ხელი არ შეგვიწყო. სხვა შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ კარანტინიზაცია ერთგვარი გამოსავალი არის, ისევე როგორც დისტანციის გამკაცრება. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი საქართველოში არაა. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ გავუშვათ და ბევრი ინფიცირებული პაციენტი გვყავდეს, რომლებსაც ვერ მოვუვლით. ჩვენ მძიმე მიმდინარეობებიც ბევრი გვექნება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო და სისტემა ამისთვის მზად არ არის. 

რამდენ ხანში და როგორ, რა წესების დაცვითაა შესაძლებელი, რომ ეტაპობრივად ცხოვრების ჩეულ რიტმს დავუბრუნდეთ?

ჩემი აზრით, ეს არ იქნება მალე. ჩვენ ამ ფორმებთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. ჩემი პროგნოზებით, თუ ჩვენ შანსი მოგვეცემა, რომ მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში შემსუბუქება დავიწყოთ, ამასაც დასჭირდება გამართული სისტემის არსებობა. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ მაისში ერთგვარ შემსუბუქებაზე. მე არ მგონია, რომ რადიკალური დაშვების საშუალება გვქონდეს. 

რამდენად მეტი ვიცით დღეს ახალ კორონავირუსზე, ვიდრე ვიცოდით, მაგალითად, თებერვალში?

მნიშვნელოვნად მეტი ვიცით. ვიცით მისი ბუნება, ვიცით მისი ფენომი. დაიხვეწა ხელოვნური ვენტილაციის სტრატეგიები, დაიხვეწა მედიკამენტოზური მკურნალობა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით არ დამთავრებულა არცერთი დიდი კვლევა, რომელიც ცალსახად გვეტყვის, რომ ესა თუ ის თეორია მეორეზე უპირატესია. რეალურად ეს არის ჯგუფების გამოცდილება, რომლის ანალიზიც ჯერ მიდის. პირველი დიდი კვლევა, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს იქნება, რომელიც გვეტყვის, რისი იმედი შეგვიძლია, გვქონდეს. დინამიკა უკეთესია და რაღაც ცოდნა, ჯერჯერობით ემპირიული, გროვდება. 

კომენტარები