კორონავირუსი საქართველოში

შსს: გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 90 ადამიანი დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინდა. 

მათივე ინფორმაციით, ე.წ. კომანდანტის საათის დაღვევისთვის 90 ადამიანი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვისა და 1-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო კი 91 მოქალაქე დააჯარიმეს. მათივე ცნობით, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 17 პირი დაჯარიმდა.  

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. გუშინ, 14 აპრილს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაახანგრძლივოს. ასევე, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალება. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტიდან ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა.  

კომენტარები