სამხრეთ კორეა

კორონავირუსის მიუხედავად სამხრეთ კორეაში ეროვნული ასამბლეის არჩევნები ტარდება

კორონავირუსის მიუხედავად სამხრეთ კორეაში ეროვნული ასამბლეის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადით უნდა მივიდნენ და ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. მათ ტემპერატურას უზომავენ, ხელების დეზინფექციას უტარებენ, რეზინის ხელთათმანებს გადასცემენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ საარჩევნო ბიულეტენს. იმ შემთხვევაში, თუ უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღალი აქვს, ის ხმის მისაცემად ცალკე, სხვა ადამიანებისაგან მოშორებით გაჰყავთ.

ეროვნულ ასამბლეაში 300 ადგილია. მთავარ კონკურენტებს მმართველი დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური კონსერვატიული ერთიანი მომავლის პარტია წარმოადგენენ. წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი თემა მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება იყო.

11 მილიონზე მეტმა ადამიანმა, მოსახლეობის 26%-მა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე გააკეთა არჩევანი საფოსტო სისტემისა და ადრე გახსნილ უბნებზე ხმის მიცემის საშუალებით. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ხმის მიცემა ფოსტით შეეძლოთ. იმ ცენტრებთან კი, სადაც ასობით სუსტი სიმპტომების მქონე ადამიანს მკურნალობენ, ღია ცის ქვეშ სპეციალური ხმის მისაცემი უბნები გაიხსნა, სადაც უსაფრთხოების კიდევ უფრო მკაცრ ზომებს იცავდნენ. კარანტინში მყოფ პირებს ხმის მისაცემად სპეციალური დრო გამოუყვეს, რათა კონკრეტულ უბნებზე მისულიყვნენ.

საარჩევნო უბნების მომზადებაში ჩართული იყო ქვეყნის არმიაც. მათ 14,000-მდე უბნის დეზინფექცია ჩაატარეს და რიგები დახაზეს, რათა ამომრჩევლებს დისტანცია დაეცვათ.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში არჩევნები არასდროს გადადებულა. კორეის ომის დროს, 1952 წელს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

სამხრეთ კორეა ჩინეთი შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, თუმცა, დროული ზომების მიღების, მასობრივი ტესტირებისა და მკაცრი იზოლაციის დაცვით მათ ვირუსის გავრცელების შეფერხება შეძლეს. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10,564 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 222 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7,534.

კომენტარები