უკრაინა - რუსეთი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მათი გენერალი FSB-სთვის შპიონაჟისთვის დააკავა

AFP

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 14 აპრილის განცხადებით, მათი ერთერთი მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურთან კოლაბორაციაში. ის უკვე დააკავეს.

მაიორი გენერალი ვალერი შაიტანოვი ეჭვმიტანილია ღალატსა და ტერორიზმში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამის დასადასტურებლად სამხილები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები შეკრიბა.

"საუბედუროდ, კაცი, რომლესაც უკრაინა უნდა დაეცვა, რეალურად, მის წინააღმდეგ მუშაობდა," - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა

მათი ინფორმაციით, შაიტანოვმა FSB-ში მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ამის შემდეგ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩენი მოხალისეების ლიდერის ადამ ოსმანაიევის მკვლელობის დაგეგმვა.

ოსმანაიევთან ერთად მისი ცოლიც, ამინა ოკუიევა, იბრძოდა. ოსმანაიევის მოკვლა ორჯერ სცადეს, მეორე ჯერზე თავდასხმას მისი ცოლი ემსხვერპლა. რუსები 2012 წელს ოსმანაიევს ვლადიმერ პუტინის მკვლელობის შეთქმულებაში ბრალს სდებდნენ.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეშვიდე წელია, მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები