ხანძარი ჩერნობილში

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ჩერნობილში ტყის ხანძარი ჩავაქრეთ

Reuters

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან რამდენიმე კილომეტრში ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. განცხადების მიხედვით ცეცხლი მხოლოდ სუსტად უკიდია ტყის ნიადაგს. მათივე თქმით, ხანძრის გამო რადიაციის დონე არ გაზრდილა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ეს საკითხი გამჭვირვალე იქნება და თავად შეხვდება საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებს. "საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს და უსაფრთხოდ უნდა იყოს" - ნათქვამია მის განცხადებაში.

ტყის ხანძარი ჩერნობილში 3 აპრილს გაჩნდა და აკრძალული ზონის დასავლეთ ნაწილში გავრცელდა. საბოლოოდ, ცეცხლმა ქალაქ პრიპიატამდე, ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში მიაღწია და საფრთხეს უქმნიდა იმ ტერიტორიას, სადაც რადიოაქტიური ნარჩენებია დამარხული.

პოლიციის თქმით, დააკავეს 27 წლის ადგილობრივი მოქალაქე, რომელსაც ბრალად ცეცხლის განზრახ გაჩენა ედება.

ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე, სპეციალური ტექნიკა, 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი მუშაობდა.

ჩერნობილის ტუროპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები მთავრობას ვითარების სიმწვავის დამალვაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები