კორონავირუსი და ეკლესია

თავ. დემოკრატები მთავრობას: კანონიერი გზით საღი აზრის ჩარჩოში მოაქციეთ ეკლესიის აქტივობა

"მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ფაქტიურად მინიჭებული უფლება, არ დაემორჩილოს საერთო წესრიგს და მისი დარღვევისაკენ უბიძგოს მრევლსაც", - თავისუფალი დემოკრატები მიმართავენს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების ერთერთი მთავარი პრინციპი - კანონის წინაშე ყველას თანასწორობა.

"როგორც ჩანს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისე აპირებს სააღდგომო რიტუალების ჩატარებას, თითქოს ქვეყანა განსაკუთრებულ მდგომარეობაში არ იმყოფება, თითქოს სახელმწიფომ არ დააწესა კომენდანტის საათი, თითქოს უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს არ ემუქრება პანდემიით გამოწვეული საფრთხე და თითქოს რომელიმე ტრადიციის თუ რიტუალის დაცვა ადამიანის სიცოცხლედ ღირდეს", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მრევლი, შესაძლოა, სრულად ვერ აცნობიერებდეს საბედისწერო საფრთხეს, რომლის წინაშეც დგანან როგორც თავად ეს ადამიანები, ისე მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და მთლიანად საზოგადოება.

პარტია მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"თავისუფალი დემოკრატები მოგიწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოთ თქვენი პირდაპირი მოვალეობა, დაიცვათ საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მერკანტილურ მიზნებს და პოლიტიკურ პოპულიზმს არ შესწიროთ ეს უზენაესი სიკეთე! თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ლეგიტიმური მიზნებით და კანონიერი გზით, გონიერებისა და საღი აზრის ჩარჩოში მოაქციოთ როგორც ცალკეულ მოქალაქეთა, ისე ნებისმიერი ინსტიტუტის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა აქტივობა", - წერია განცხადებაში.

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთერთი ეკლესიის სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. საპატრიარქომ დაადასტურა ისიც, რომ მან რამდენიმე დღის წინ წირვა ჩაატარა.

მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და თითქმის საყოველთაო კარანტინისა ეკლესია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს წირვების ჩატარებას. ქვეყანაში აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. 20:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

აღდგომის წინა ღამეს სამებაში პატრიარქი კომენდანტის საათის დარღვევით აპირებს წირვის ჩატარებას, როგორც ბზობას საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვა, ილია მეორე სამებაში საღამოს 23:00 საათზე მივა ლიტანიობა დაიწყება. 

 

კომენტარები