20 მარტის შემდეგ, ესპანეთში Covid-19-ის ყველაზე ცოტა შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ესპანეთში 20 მარტის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში Covid-19-ის 3,477 შემთხვევა გამოვლინდა და ჯამურად შემთხვევების რაოდენობამ 169,469 შეადგინა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 517 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამურმა რაოდენობამ 17,489 შეადგინა. 

ესპანეთში ამ დროისთვის საყოველთაო კარანტინის მუხუთე კვირა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სახლში რჩება, შეჩერებულია ბაზრობების, სავაჭრო ცენტრებისა და თუ სხვა სავაჭრო დაწესებულებების მუშაობა. საერთო შემთხვევების რაოდენობით ესპანეთმა იტალიას აპრილის დასაწყისში გადაუსწრო. ამ დროისთვის შემთხვევების საერთო რაოდენობით ესპანეთი მხოლოდ აშშ-ის ჩამორჩება.

"ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა არის ომი, რომელიც მოითხოვს მსხვერპლს ინდივიდებისგან" - განაცხადა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩეზმა. საყოველთაო მიმართვაში სანჩესმა პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეკონომიკის აღსადგენად მთელმა საზოგადოებამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. 

წინა კვირებში ესპანეთის მთავრობას კრიზისის დაგვიანებული და არაეფექტური მართვისთვის აკრიტიკებდნენ. პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. ანალიტიკოსების აზრით, მიმდინარე კვარტალში ქვეყნის მშპ შესაძლოა 10%-ით შემცირდეს. უკვე გამოქვეყნდა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, რომლის მოცულობაც 100 მილიარდი ევროა.

კომენტარები