თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 3-ის კი, უფრო მძიმე.
"დღეს სიტუაცია უცვლელია - მძიმეთა შორის უფრო მძიმე კვლავ 3 პაციენტი გვყავს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობას საჭიროებენ, მათი მდგომარეობა დასტაბილურებული ჯერ არ არის და დღის განმავლობაში ცვალებადია [...] 7 მძიმე პაციენტი გვყავს", - თქვა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას თქმით, დღეს, 11 აპრილს, დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა - ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, 2 ადამიანიდან, რომლებიც COVID-19-ისგან დღეს გამოჯანმრთელდნენ, 1 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია და კლინიკა დღეს დატოვა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს საღამოს ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 233 შემთხვევაა დადასტურებული, 56 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა ბოლნისის, მარნეულის და ლენტეხის რაიონები.





