ჯანდაცვა

საცდელმა წამალმა რემდესივირმა Covid-19 პაციენტების მცირე ჯგუფში დამაიმედებელი ნიშნები აჩვენა

European Pharmaceutial Review

ახალი კორონავირუსისთვის საგამოცდო მედიკამენტ რემდესივირზე წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ წამალი მწვავედ დაავადებული პაციენტების ნაწილს სუნთქვის გაუმჯობესებაში, შესაძლოა, დაეხმაროს. თუმცა, წამალზე რეკომენდაციის გასაცემად ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რემდესივირი საგამოცდო ანტივირუსული პრეპარატია, რაც სხეულში ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის.

კვლევა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებით არ ჩაუტარებიათ, რაც მის სავარაუდო ეფექტურობაზე მეტ მტკიცებულებას წარმოაჩენდა. კვლევა Compassionate Use-ის ფარგლებში ჩატარდა, რაც გულისხმობს ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გადაუდებელი მკურნალობისთვის რემდისივირის გამოყენებას მაშინ, როცა სხვა არცერთი დამტკიცებული წამლის ალტერნატივა არსებობს. ასევე ეს კვლევა მხოლოდ 53 პაციენტზე ჩატარდა. ამ ფაქტორების გამო მეცნიერები ვერ აცხადებენ, რომ პრეპარატი ეფექტურია.

რემდესივირზე უკანასკნელი კვლევა The New England Journal of Medicine-ში 10 აპრილს გამოქვეყნდა. პაციენტების 57% ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, 8%-ს ჟანგბადის არაინვაზიური მიწოდებით ეხმარებოდნენ. 

რემდესივირის მოხმარების შემდეგ პაციენტების 68%-ის მდგომარეობა ჟანგბადის მიწოდების მხრივ გაუმჯობესდა, ექიმებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის ჟანგბადის მიწოდება შეემცირებინათ. 30 პაციენტიდან, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ, 17-ს აპარატის დახმარება აღარ დასჭირდა, ხოლო 4 პაციენტიდან, რომლებსაც არაინვაზიურად აწვდიდნენ ჟანგბადს, 3-ს ეს აღარ სჭირდებოდა. 53 პაციენტიდან 25 კლინიკიდან უკვე გაწერეს.

53 პაციენტიდან 7 (13%) გარდაიცვალა, აქედან 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო.

ალაბამას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტის პოლ გოპფერდის თქმით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში 13%-იანი სიკვდილიანობა რთული ასახსნელია, რადგან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერჯერობით უცნობია. მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევებიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 6% არის. 

ეს პატარა კვლევაა და ავტორებმა არ შეადარეს პაციენტების მდგომარეობა საკონტროლო ჯგუფების მხრივ, რათა გაეგოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად რემდესივირს უკავშირდებოდა თუ წამლის გარეშე, თავისით გამოჯანმრთელდნენ. კვლევა ინფორმაციას არ გვაწვდის, წამალმა პაციენტების სხეულში ვირუსის შესამცირებლად რეალურად იმოქმედა, თუ არა. წამლის ეფექტურობის გასაგებად საჭიროა ადამიანებზე ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარება.

"ამ მონაცემებით ჩვენ არ შეგვიძლია საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუმცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების ამ ჯგუფზე დაკვირვებით, რომლებმაც რემდესივირი მიიღეს, იმედისმომცემია," - განაცხადა ლოს-ანჯელესში Cedars-Sinai სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიის დირექტორმა ჯონათან გრეინმა და კვლევის სტატიის ერთერთმა ავტორმა:

"ჩვენ ველოდებით კონტროლირებადი კლინიკურ ცდებს, რათა პოტენციურად შესაძლებელი იყოს ამ მიგნებების დამოწმება".

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარის ამეშ ადალიას თქმით, კვლევის შედეგები გამამხნევებელია, თუმცა პერსპექტივაში - "რადგან ეს არ ყოფილა კონტროლირებული კვლევა, უცნობია, ისინი [წამლით] გამოჯანმრთელდნენ, თუ მის გარეშე. ეს პრობლემაა".

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი დაინფიცირებულ იმ პაციენტებს სჭირდებათ, რომლებსაც ფილტვები ახალი კორონავირუსით ძალიან დაავადებული აქვთ. ხელოვნური სუნთქვის აპარატის საჭიროებამ, შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდში პაციენტების ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს, თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატების მოხსნის შანსი დაახლოებით 20%-ს აქვს - "რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ხარ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მით ნაკლებია მისი მოხსნის შანსი".

რაც შეეხება რემდისივირს, სხვა ტიპის კორონავირუსებზე - MERS-CoV-სა და SARS-CoV-ში რემდესივირზე ლიმიტირებული პრეკლინიკური ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს მედიკამენტი, შესაძლოა, ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ პოტენციურად ეფექტური იყოს. MERS-CoV და SARS-CoV სტრუქტურულად ახალი კორონავირუსის მსგავსია (SARS-CoV იგივე მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომით 2002-2003 წლებში 8000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, აქედან 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო MERS-CoV ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომმა 858 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა).

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში Gilead Sciences-ში ავითარებენ ვირუსის საწინააღმდეგო ახალ წამალს რემდესივირს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თებერვალში განაცხადა, რომ რემდესივირს ახალი კორონავირუსის წინაღმდეგ "ყველაზე საიმედო კანდიდატად" განიხილავდა.

კომენტარები