სომხეთში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა

Photolure

ახალი კორონავირუსის გამო, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მომავალ კვირას პარლამენტი კენჭს უყრის.

სომხეთში დაკეტილია სკოლები, უნივერსიტეტები, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ქვეყანაში უცხოელებს შესვლა ეკრძალებათ, მოსახლეობისთვის სომხეთიდან გასვლა აკრძალულია. ამ პერიოდში ასევე აკრძალულია საჯარო გამოსვლები, გაფიცვები, საჯარო ღონისძიებები, მათ შორის რელიგიური ცერემონიები, კონცერტები, გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული ბიზნესსაქმიანობები, მათ შორის, აგრარული საქმიანობა, მეთევზეობა, სიგარეტის წარმოება, კვლავ გრძელდება.

მიმდინარე კვირას ევროკავშირმა დააანონსა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე სომხეთის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის 92 მილიონ ევროს გამოყოფს.

სომხეთში ახალი კორონავირუსის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 16 მარტს გამოცხადდა.

11 აპრილის შუადღის მონაცემებით სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 967 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 13 პაციენტი. 173 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 1 709 593 ადამიანს დაუდასტურდა. 103 506 პაციენტი გარდაიცვალა. 382 012 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები