კენტუკის გუბერნატორი: ვინც აღდგომის დღესასწაულზე სახლში არ დარჩება, კარანტინი ელის

Bryan Woolston / AP Photo

აშშ-ის შტატ კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშერმა, მოსახლეობა გააფრთხილა, კვირას სააღდგომო წირვისთვის არ შეიკრიბონ. გუბერნატორის თქმით, მათ, ვინც შტატის მასშტაბით დაარღვევს სახლში დარჩენის ბრძანებას, 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია ელის. 

"იმედი მაქვს, ყველამ იცის, რომ ასეთ დღესაც კი არ შეგვიძლია, გვქონდეს რაიმე სახის შეკრება,"- თქვა გუბერნატორმა. 

NBC News-ის ცნობით, შტატის მასშტაბით 7 ეკლესიას ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, ჩაატარებს თუ არა სააღდგომო მსახურებას. 

"ჩვენ არაფრით შეგვიძლია, რომ ადამიანებს ერთ შენობაში ყოფნის უფლება მივცეთ, რადგან ასე ვრცელდება კორონავირუსი და ასე კვდება ხალხი,"- ამბობს ბეშერი. 

გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის კენტუკიში ყველა მეჩეთი და სინაგოგა დაკეტილია და არცერთი მათგანი არ აპირებს ამ შაბათ-კვირას ღვთისმსახურების ჩატარებას. 

რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსს ებრძვის, ბეშერი Twitter-ის პოსტში გააკრიტიკა და თქვა, რომ მან უკან უნდა დაიხიოს, რადგან არასწორია ადამიანების კარანტინში ჩასმა იმის გამო, რომ ისინი "სააღდგომო კვირას ქრისტიანები არიან". 

პოლს ბეშერმაც უპასუხა და განაცხადა, რომ "არ არის სამართლიანი", ზოგიერთმა ადამიანმა დაარღვიოს შტატის მასშტაბით მოქმედი სახლში დარჩენის ბრძანება და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შექმნას მათთვის, ვინც წესებს იცავს. 

"ეს, უბრალოდ, პირადი პასუხისმგებლობის მაგალითია,"- თქვა ბეშერმა. 

ამ დროისთვის, კენტუკის შტატში ახალი კორონავირუსის 1 693 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 90 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები