კორონავირუსი საქართველოში

მეუფე გერასიმე სასულიერო პირების ტესტირებაზე: არ მივესალმები

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეფე გერასიმე ამბობს, რომ COVID-19-ზე სასულიერო პირების ტესტირებას "არ მიესალმება".  

"ვინ თვლის, რომ ჩვენ რისკ ჯგუფის წევრები ვართ? ასეთი რაოდენობა არის სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, ბანკებში.. თუმცა შევთანხმდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე, როგორც ერთ-ერთი მიტროპოლიტი, არ მივესალმები", - თქვა მეუფე გერასიმემ. კომენტარს ლაივპრესი ავრცელებს

ახალი პროტოკოლის მიხედვით, სასულიერო პირები რისკ ჯგუფად განიხილებიან და კორონავირუსზე პერიოდულად შემოწმდებიან. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების მიხედვით, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. მინისტრის განმარტებით, სასულიერო პირები "მოწყვლადი ჯგუფია" და, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მათი დაცვა. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება და ყოველ კვირას წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს ქვეყანაში 3 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები