კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: PCR-ის მარაგები ივსება, ჩვენი გათვლებით, ამ კვირაში 20 000 ტესტი დაგვემატება

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის ტესტების მარაგები თანდათან ივსება და მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანას, დაახლოებით, 60 000 ტესტზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. 

გამყრელიძის თქმით, ტესტები ძირითადად სამი ჯგუფისაა - ოქროს სტანდარტის PCR ტექნოლოგიებზე, მოლეკულურზე დამყარებული; სწრაფი ტესტები, რომლებიც ანტიგენისა და ანტისხეულების აღმოჩენაზეა დამყარებული; და სეროლოგიური ტესტი. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში უმეტესად PCR ტექნოლოგიებს იყენებენ და სწორედ ამ ტესტების მარაგს ელოდებიან მაისის შუა რიცხვებისთვის. 

"PCR-ის მარაგები ივსება, ჩვენი გათვლებით, ამ კვირაში სადღაც 20 000 ტესტი დაგვემატება, მაისის შუა რიცხვებამდე ჩვენ, დაახლოებით, კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 60 000 ტესტზე და ასე თანდათანობით. ჯერჯერობით ქვეყანაში PCR ტესტების დეფიციტი არ შექმნილა,"- ამბობს გამყრელიძე. 

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გამყრელიძის თქმით, საქართველომ ჩინეთისგან მიიღო 2 000 ტესტი, რომელიც საათნახევარში იძლევა პასუხს. 

როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ მარაგის გარდა, საქართველოს უკვე აქვს გაკეთებული მოთხოვნა სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. კერძოდ, ამირან გამყრელიძის, თქმით, ერთერთმა წამყვანმა კომპანია "ცეფეიდიმ", რომელთანაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე C ჰეპატიტზე და ტუბერკულოზზე მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ე.წ 45-წუთიანი კარტრიჯებზე დამყარებული PCR-ტექნოლოგიის წარმოება დაიწყო, რომელთა მანქანებიც, ჯინ-ექსპერტები საქართველოში უკვე გვაქვს და მათ ტუბერკოლოზისა და C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისთვის იყენებენ. 

"ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 10 000 ტესტი, შემდგომ კიდევ 10 000, შემდგომ კიდევ და ა.შ. და ვეცდებით მაქსიმალურად. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ძალიან გაიზრდება. თუ არ ვცდები 45 ჯინ-ექსპერტის მანქანა გვაქვს ქვეყანაში და რაც მთავარია, დატრენინგებული ხალხი, ვისაც შეუძლია ეს ტესტები ჩაატაროს,"- ამბობს ამირან გამყრელიძე. 

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის რიგ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ასევე ძალიან უნდათ ეს ტესტები და ამის გამო, ზოგადად, ბაზარზე დეფიტიტია შექმნილი. 

"ამიტომ, ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს დიპლომატიური არხებით, ასევე სხვადასხვა არხით, რომ ამ კომპანიამ რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს,"- თქვა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 3 500 PCR ტესტია ჩატარებული საქართველოში.

კომენტარები