კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იმედი

​ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონდა და გასული ორი დღის განმავლობაში, ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ქალს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე მისი ინფიცირების წყარო უცნობია. 

''60 წლამდე ასაკის პირია. მიმდინარეობს  კონტაქტების მოძიება და ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფექციის წყარო არ არის დადასტურებული. ყველა ახლო კონტაქტის მოძიება მოხდება. ემერჯენსში გაეწია დახმარება და ეჭვის მიტანის შემდეგ გადმოიყვანეს  კლინიკა "მედალფაში" დიაგნოსტიკისათვის.

ქალი  არ ცხოვრობდა კორპუსში, დეტალები არ მინდა გაჟღერდეს, რადგან სამუშაოები არ არის დასრულებული. ქალი ბოლო დღეების განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში  იმყოფებოდა. იქაც მიდის კვლევები. ამის მოლოდინი იყო, ბათუმშიც და აჭარაშიც გვეყოლება პირები, რომლის  ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდება, ამიტომ თითოეული პირი სოციალურ დისტანცირებას უნდა შეეცადოს,'' - თქვა ნინო ნიჟარაძემ. 

საქართველოში, 7 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 195 ადამიანს, გამოჯანმრთელდა - 39.

კომენტარები