პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლევან რატიანის თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული - განსაკუთრებით 67 წლის პაციენტის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან.
„62 წლის ქალბატონზე დღეს გაიგზავნა სინჯი განმეორებით ლუგარში ტესტირებაზე. თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ალბათ ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან.
რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, ჯერ გასულია რამდენიმე საათი. ამ ეტაპამდე ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ფიზიოლოგიურ პირობებში," - ამბობს რატიანი.
რატიანის თქმითვე, მათ კლინიკაში მყოფი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. ის სხვა კლინიკიდან გადაიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს ასევე სამედიცინო ფაკულტეტის ორი სტუდენტი და მათი მდგომარეობაც, ექიმის თქმით, სტაბილურია.
„ორსულ ქალბატონებს რაც შეეხება, მათთან კოვიდვირუსის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებები ამ ეტაპამდე არ ვლინდება,“ - თქვა რატიანმა.
რატიანი ამბობს, რომ სტაბილურია 13 წლის მოზარდის მდგომარეობაც.
ექიმის ინფორმაციით, კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში სულ 29 პაციენტი წევს.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, ორი კი - გარდაიცვალა.





