კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: 188 ინფიცირებულიდან სასუნთქი აპარატი მხოლოდ 8-ს დასჭირდა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 188 შემთხვევებიდან მხოლოდ 8 ადამიანს დასჭირდა სასუნთქი აპარატი. 

ტიკარაძემ ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიის კითხვების საპასუხოდ ისაუბრა. 

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 188 ინფიცირებულიდან ორმხრივი პნევმონია 80 ადამიანს ჰქონდა, რომელთაგანაც მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 6 პაციენტი, რომელთაც კვლავ ესაჭიროებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, 3 არის თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი - ბათუმში, ერთი - გორში და ერთი - ინფექციურ საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს სახელმწიფოს მასშტაბით და ეს არის 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა,"- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 188 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 36 გამოჯანმრთელდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები