კორონავირუსი საქართველოში

ინფიცირებული ექიმის გამო საჩხერის სამედიცინო ცენტრში 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია, რისი მიზეზიც ისაა, რომ კლინიკის ერთერთ ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, განმარტებით, ინფიცირებული ექიმის ტესტის პასუხი "სუსტად დადებითია". როგორც ქამუშაძე ამბობს, ექიმი პაციენტებთან შესაბამისი ეკიპირების გარეშე არ შედიოდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ როგორ მოხდა მისი ინფიცირება. 

"რაც შეეხება ეკიპირებას, გვქონდა, დღესაც გვაქვს და მარაგიც საკმაოდ გვაქვს. რა თქმა უნდა, ის პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა, თუმცა, ზუსტად ვიკვლევთ ახლა, რომელი პაციენტიდან ან რა შემთხვევის გამო შეიძლებოდა, დაინფიცირებულიყო,"- ამბობს ქამუშაძე. 

კლინიკის დირექტორის თქმით, გამოკვლეულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულ ექიმს კონტაქტი ჰქონდა და მათი შემოწმება ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს მკურნალობენ. 

5 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი - გარდაიცვალა. გარდაცვლილები 79 და 81 წლის ქალები არიან. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმიც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი (21:00 - 06:00) და აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა. 

კომენტარები