კორონავირუსი და ეკლესია

სამებაში საკვირაო წირვას არც ილია II ესწრება, არც მისი მოსაყდრე

კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ტაძრებში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წირვა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარშიც, თუმცა მას არც პატრიარქი ილია მეორე ესწრება, არც მისი თანამოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

მიზეზის გასაგებად ტაბულა საპატრიარქოს დაუკავშირდა და პასუხს ველით. ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, წირვას რეზიდენციის ეზოში მდებარე ტაძარში აღავლენს. 

პატრიარქი სამებაში არც გასულ კვირას იმყოფებოდა. 29 მარტს მან ღვთისმსახურება ბოდბის ეპარქიაში ჩაატარა.

სამებაში წირვას ათობით ადამიანი ესწრება. მრევლი დისტანციის დაცვას ცდილობს, თუმცა, შემდეგ ისინი ერთი კოვზიდან ეზიარებიან.

წირვა მიმდინარეობს ქვეყნის სხვა ტაძრებშიც.

საქართველო კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზეა, მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. საპატრიარქო დაწესებულ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს არ ემორჩილება - დისტანციის დაცვის მცდელობების მიუხედავად, ერთად იკრიბება მრავალი ადამიანი და უცვლელი დარჩა ერთი კოვზიდან ზიარების წესი. ქვეყანაში კორონავირუსის პიკს აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ელიან, რაც ხალხმრავალ საეკლესიო დღსასწაულებს ემთხვევა.

კომენტარები