ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე 2 ექიმს ჩაუტარდა გამოკვლევა და პასუხი ნეგატიურია. მისივე თქმით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის შემთხვევები არ დადასტურებულა.
"დღეს 11 პაციენტს უნდა ავუღოთ ანალიზები. შემოსული ახალი პაციენტების და ჩვენი პაციენტების, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგს ვიწყებთ"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა რომ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.





