კორონავირუსი საქართველოში

საგანგებო: მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს

საველე ჰოსპიტალი მარნეულში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალსში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება.

საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. უწყების ცნობით, გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა გაიარა.  

"ჯეო ჰოსპიტალსის" ცნობით, 62 წლის ქალი კლინიკაში რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით 18 მარტს შევიდა. მათივე ინფორმაციით, ქალს COVID-19-ზე ტესტი 21 მარტს ჩაუტარეს. 22 მარტს, მას შემდეგ, რაც ქალს COVID-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, ჰოსპიტალი კარანტინის ზონად გამოცხადდა.

რატომ არ ჩაუტარდა მარნეულელ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი პირველივე დღეს, წაიკითხეთ აქ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები