ვითარება სამეგრელოში

მოწერელია: აფხაზეთიდან გადმოსული დაინფიცირებული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოიყვანეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსული დაინფიცირებული შუახნის ქალის შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან მოთავსებული.

"მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - ამბობსმოწერელია.

მოწერელიას ინფორმაციითვე, ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე იმყოფება 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში, მთელი რეგიონის მასშტაბით, 224 პირია. 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 7 ადამიანი. აქედან ორს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის მამაკაცია.

"მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები", - ამბობს მოწერელია.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები.

კომენტარები