რუსეთში ექიმს, რომელიც გასულ კვირას პუტინს შეხვდა, Covid-19 დაუდგინდა

მოსკოვში, კომუნარკის რაიონის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. 24 მარტს კომუნარკის საავადმყოფოში ვიზიტით ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა, რა დროსაც იგი პროცენკოს შეხვდა. 

ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელების ფონზე, პროცენკო ხშირად ჩნდებოდა მედიასთან და სწორად მისგან ვრცელდებოდა ინფორმაცია დაავადებულების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბოლოს პროცენკო მედიასთან სამშაბათს გამოჩნდა და განაცხადა, რომ საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 202 პაციენტი მკურნალობს. 

წინა კვირას საავადმყოფოში, სადაც პროცენკო მთავარ ექიმად მუშაობს, ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა. პუტინსა და პროცენკოს შორის რამდენიმეწუთიანი დიალოგი გაიმართა, გავრცელდა შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ ზუსტად როდის დაუდასტურდა მთავარ ექიმს ახალი კორონავირუსი. ექიმის ინფიცირებას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ პრეზიდენტს რეგულარულად ამოწმებენ და ამ დროისთვის ყველაფერი წესრიგშია. 

მანამდე პესკოვი აცხადებდა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც პრეზიდენტს უნდა შეხვდეს ახალ კორონავირუსზე წინასწარ ამოწმებენ. 

რუსეთში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 2,337 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კომენტარები