ვალუტის კურსი

სააკაშვილი: დაწესდეს ვალუტის გაცვლის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი, ფიქსირებული მარჟა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულია, კორონავირუსის კრიზისის ფონზე ვალუტის გაცვლის "მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა" დააწესონ.

სააკაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, შეჩერდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა "ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში."

"შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები." - წერს ექსპრეზიდენტი.

ამის შემდეგ, სააკაშვილი კვლავ აგრძელებს ბანკების მწვავე კრიტიკას და ამბობს: "ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშოვონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე?"

დღეს, 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განუსაზღვრელი დროით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და რიგი სხვა საფინანსო მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების ოფისებიდან მუშაობა. ამათგან, ყველას შეეძლება შესაძლებლობის შემთხვევაში დისტანციურად გააგრძელოს მუშაობა, გარდა ვალუტის გადამცვლელებისა.

ოფისებიდან მუშაობის გაგრძელებას კვლავ შეძლებენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

კომენტარები