კორონავირუსი აშშ-ში

ფლორიდაში დააკავეს პასტორი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მსახურება ჩაატარა

ფლორიდაში ევანგელისტი პასტორი დააკავეს, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების მიუხედავად ეკლესია არ დახურა და საჯარო შეკრებების ჩატარებას აგრძელებდა.

როდნი ჰოვარდ-ბრაუნს ბრალად უკანონო შეკრება და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა ედება. ჰილსბოროს ოლქის პოლიციის მიხედვით მათ ჰოვარდ-ბრაუნდ მოუწოდეს ეკლესია დაეკეტა. 29 მარტს ისინი ეკლესიაში მასთან სასაუბროდ მივიდნენ, თუმცა პასტორმა არ მიიღო. ამავე დღეს ეკლესიაში ორი მსახურება ჩატარდა. ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ასობით ადამიანი ესწრებოდა.

პასტორის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეკლესიაში სპეციალურ ზომებს, დისტანციას იცავდნენ და სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ აკრძალვა რელიგიის თავისუფლებას არღვევს. პასტორმა განაცხადა, რომ ბოლო ჟამის დადგომამდე ეკლესიის და მასთან არსებული ბიბლიის სკოლის დახურვას არ აპირებდა. ოლქის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უპასუხისმგებლო ქმედებით პასტორმა ასობით მორწმუნის და კიდევ ათასობით მოქალაქის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე, ვისაც, შესაძლოა, მათთან კონტაქტი ჰქონოდათ.

"სამწუხაროა, რომ პასტორი ცდილობს ამოეფაროს კონსტიტუციას. საგანგებო ზომები კონსტიტუციურად გამართლებულია. შევახსენებ პასტორს, რომ ბიბლიაში ნათქვამია - გიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი. შენი მოყვასის სიყვარული კი გულისხმობს იმას, რომ ვირუსის გავრცელებით მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნა." თქვა ოლქის მთავარმა პროკურორმა ენდიუ უორენმა.

ფლორიდის ჰილსბოროს ოლქში სახლებში დარჩენის ბრძანება 27 მარტს შევიდა ძალაში. მოქალაქეებს სახლების დატოვების უფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობებისთვის, მაღაზიებსა და აფთიაქებში, ასევე სამედიცინო დახმარების მისაღებად აქვთ. გამონაკლისს არ წარმოადგენს ეკლესიები.

მას შემდეგ, რაც აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ეკლესიების, მეჩეთების და სინაგოგების უმეტესობა დროებით დაიხურა.

ფლორიდის შტატში ახალი კორონავირუსის 5,200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. შტატის მასშტაბით ვირუსს 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. უკანასკნელი მონაცემებით ვირუსი სულ 164,266 ადამიანს გამოუვლინდა, დაიღუპა 3,170, გამოჯანმრთელდა 5,507.

კომენტარები