საქართველოს უზენაესი სასამართლო

უზენაესმა გადადო სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა აერჩიათ

უზენაესი სასამართლოს სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა აერჩიათ გადაიდო. 

სხდომა დღეს, 31 მარტს, 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. მასზე პლენუმის თანდასწრებით თავმდჯომარეს უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციოს მოსამართლე უნდა დაენიშნა.

"საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 31 მარტს, 15:00 საათზე დაგეგმილი პლენუმის სხდომა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო სხვა დროისათვის.

ინფორმაცია, პლენუმის სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, განთავსდება მოგვიანებით," - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში

გუშინ, 30 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა უზენაეს სასამართლოს, შეეჩერებინა მოსამართლის დანიშვნის პროცედურები. 

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერდნენ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია.

უზენაეს სასამართლოს მოწოდებით მიმართეს სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლებმაც. 

იურისტები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი უნდა იყოს და რომ უზენაესი სასამართლო არსებულ საგანგებო ვითარებას ბოროტად იყენებს და ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისგან თავის არიდებით ცდილობს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნას.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს კვოტით გამწესებული მოსამართლე. საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა". შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ირჩევს, მათ შორის, ახლადდანიშნული 14 მოსამართლე - შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი და ა.შ.

კომენტარები