კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპმა კორონავირუსის გამო აშშ-ში შემოღებული დირექტივების ვადა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო შემოღებული ფედერალური დირექტივები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ტრამპის თქმით ეს დირექტივები, მათ შორის სოციალური დისტანცირება "არის გამარჯვების გზა". მან თქვა, რომ სოციალური დისტანცირების დირექტივის გახანგრძლივება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაიგო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 2.2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპებოდა. ეს რიცხვი მოყვანილია ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში.

ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში ვირუსისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი პიკს სავარაუდოდ 2 კვირაში მიაღწევდა. სამედიცინო საკითხებში თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვირუსმა შესაძლოა 200,000-მდე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ჯამში კი ქვეყანაში მილიონობით ადამიანი დაავადდეს.

"ყველაზე უარესი იქნებოდა გამარჯვება გამოგვეცხადებინა მაშინ, როდესაც ჯერ არ მოგვიგია. ეს ყველაზე დიდი დანაკარგი იქნებოდა." თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით ქვეყანა ვირუსის შედეგად მიღებული ზარალის აღდგენას ივნისიდან დაიწყებს.

მანამდე ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულამდე (10-13 აპრილი) მოხსნილიყო და მოსახლეობას საშუალება მისცემოდა ეკლესიებში შეკრებილიყვნენ.

"კარგი იქნებოდა ჩვენს ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდით. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მხოლოდ ეს ვიცი. ვხედავ რიცხვებს, თუმცა ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მთავარია გავიმარჯვოთ ამაზე რაც შეიძლება სწრაფად." თქვა ტრამპმა.

მან ასევე ისაუბრა სწრაფ ტესტებზე და თქვა, რომ ტესტები, რომლებიც შედეგს 5 წუთში იძლევა ნებადართული გახდა და ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის სექტორის სხვა თანამშრომლები ტესტირებას ჩაიტარებენ. მან ასევე თქვა, რომ ნიუ იორკში 1,100 პაციენტს მკურნალობა მალარიის სამკურნალო წამლით, ჰიდროქსიქლოროქვინით, იგივე პლაქვენილით უტარება.

"ვნახოთ, იმუშავებს თუ არა. შესაძლოა დაუჯერებელი შედეგები მივიღოთ." თქვა მან.

ტრამპმა თქვა, რომ ექსპერტები განიხილავენ სისხლის გადასხმის მეთოდით მკურნალობას, რა დროსაც ინფიცირებულებს გამოჯანმრთელებული პირების სისხლს გადაუსხამენ.

გარდა ამისა, ტრამპმა General Motors-ს საავადმყოფოების მოსამარაგებლად სასუნთქი აპარატების დამზადება დაავალა.

უკანასკნელი მონაცემებით აშშ COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში დაავადება დაუდგინდა 142,735 ადამიანს, გარდაიცვალა 2,488, გამოჯანმრთელდა 4,559.

კომენტარები