კორონავირუსი საქართველოში

მოწერელია: ეს არ არის სამეგრელოს კარანტინის ზონად გამოცხადება, არც კომენდანტის საათი

"ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი," - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამეგრელოში გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა. მოწერელიას თქმით, სამეგრელოს შემთხვევაში, ქვეყნის სხვა ნაწილთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.

"მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამაგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“," - თქვა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 4717 ადამიანია კარანტინში. ბოლნისში და მარნეულში კარანტინია გამოცხადებული. 

კომენტარები