კორონავირუსი საქართველოში

გახარია სწრაფ ტესტებზე: სპეკულირება მიმდინარეობს, მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს ახლა, ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი... ადამიანები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სწრაფი უხარისხო ტესტების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროფესიონალების მოსმენა და თუკი დღეს საქართველო "სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს", ეს სწორედ პროფესიონალების მოსმენის შედეგად ხდება.

"როდესაც ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვზივართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ,"- თქვა პრემიერმინისტრმა. 

გახარიას თქმით, მთავრობას არავის სიტყვიერი რჩევა არ სჭირდება და მეტიც, პრემიერმინისტრი რჩევას "ჭორაობას" ეძახის. 

"თუ ვინმეს რამის თავი აქვს, რომ ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარონ, მოვიდნენ იქ, სადაც დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარონ და არა ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობით,"- თქვა გიორგი გახარიამ. 

ახალი კორონავირუსის დასადგენ ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც აღმოჩნდა, რომ ტესტები უხარისხო იყო. შესაბამისად, 215 000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში სრულად აპრილის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, აღარ შემოვა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოლაპარაკებები ახლა სხვა კომპანიებთან მიმდიანრეობს. 

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთში გამოიყენეს. დასავლური მედიის ნაწილში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პროდუქცია უკან დააბრუნა.

სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ცალი, რომელიც საქართველოს საჩუქრის სახით გადმოეცა, 25 მარტს შემოვიდა.

კომენტარები