რატიანი: 3 ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მათ Covid 19 ჯერ არ დადასტურებიათ

იმედი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული. მათი მდგომარეობა მძიმეა. მათ Covid 19-ზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებიათ, თუმცა, აუცილებლად ჩაუტარდებათ, ვინაიდან წითელი ზონიდან არიან გადმოყვანილნი.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათი პაციენტია 22 კვირის ფეხმძიმე ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული, ორსული ქალბატონი, დაახლოებით, 22 კვირის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

კლინიკაში 3 ახალშობილიცაა მოთავსებული, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მართვადი.

ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ ნევნატოლოგების და რეანემატოლოგების დახმარება. ვინაიდან მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა რატიანმა.

27 მარტს, 12:00 საათის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევა გამოვლინდა. განიკურნა - 13.

კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები